Friday, May 19, 2017

INTERVIEW WITH BRUCE GILDEN

                ინტერვიუ ბრიუს გილდენთან


როგორ მიხვედით ქუჩის ფოტოგრაფიასთან პირველად? როგორ აღმოჩნდით  იქ?

ფოტოების გადაღება 1967 წელს დავიწყე.  Penn State University-ში ვსწავლობდი, მაგრამ იქ ვერაფერი ვიპოვე, რისი შესწავლაც გულით მინდოდა, ამიტომ დავიწყე ფიქრი ხელოვანი გავმხდარიყავი. გადავწყვიტე მსახიობობა მეცადა. ხასიათს კარგად ვწვდებოდი, მაგრამ ბრუკლინური აქცენტი ხელს მიშლიდა... 1966 წელს Blow Up ვნახე. საერთოდ არ მომეწონა - არ მიყვარს ანტონიონის ფილმები - მაგრამ ფოტოგრაფია ჰაერში ტრიალებდა, ძალიან მოდური იყო. მე არ ვარ მოდის ამყოლი ადამიანი, მაგრამ ჩემთვის ვიფიქრე: "ფოტოგრაფია ხომ არ მომესინჯა",  სრულიად უცოდინარი ვიყავი, ტექნიკური საერთოდ არ ვარ. როცა პირველად ავიღე ხელში კამერა, ისიც კი არ ვიცოდი, რომ რასაც ხედისმაძიებელში დაინახავ, ფოტოზეც იმას მიიღებ!
დღისით მამაჩემის სატვირო მანქანით დავდიოდი  ფოტოგრაფიის კურსებზე, ღამით სამსახიობო კურსებს ვესწრებოდი. ჩემი მასწავლებელი ბილ ჰიკი (Bill Hickey) ოსკარზე იყო ნომინირებული. მას მეორეხარისხოვანი როლი ქონდა ფილმში The Producers (1968) - ფილმის ფინალურ ნაწილში მთვრალს განასახიერებდა.  ერთ ღამეს  გაკვეთილზე არ მოვიდა და მისმა ასისტენტმა შექსპირის დადგმა დაიწყო. ჩემს თავს ვუთხარი: "გამორიცხულია შექსპირი ჩემი აქცენტით". ამ დროს, ერთ საღამოს ჩემს დაბეჭდილ ფოტოს ვუყურებდი, დიდი არაფერი იყო, მაგრამ ის მე შევქმენი და ეს ბევრს ნიშნავდა. "ვაუ, ეს მე თავად გავაკეთე" - გავიფიქრე და იმ დღიდან დაიწყო ყველაფერი.
ქუჩის ფოტოგრაფია ორი მიზეზით ავირჩიე.  პირველ რიგში, მორცხვი ადამიანი ვარ და ამ ჟანრში შეგიძლია იარო და გადაიღო ფოტოები ისე, რომ არავის დაელაპარაკო. მეორე - კარგი სპორტსმენი ვარ. მოძრავი ვარ და ძალიან სწრაფად ვაზროვნებ.  ინტელექტუალი არ ვარ, თუმცა ბევრს ვკითხულობ, რადგან  ყოველთვის ვცდილობ ვისწავლო და უკეთესი გავხდე. საინტერესო ისაა, რომ ჩემს მშობლებს რაღაც მიზეზების გამო მეექვსე კლასს ზევით განათლება არც მიუღიათ ალბათ, ამიტომ ჩემთან სახლში ერთი წიგნიც არ იდო. მამაჩემი  Daily News ან Daily Mirror -ს კითხულობდა, მე ტელევიზორს ვუყურებდი. არანაირი ინტელექტუალური სტიმული არ მქონია: ჩვენ არ დავდიოდით მუზეუმებში, არ განვიხილავდით  რა ხდებოდა სამყაროში. მაგრამ 17 წლისამ საკუთარი ინიციატივით დავიწყე მუზეუმებში სიარული. ქუინსიდან ვარ, ასე რომ, წავიდოდი მეტროპოლიტენ მუზეუმში და ვათვალიერებდი იმპრესიონისტების ნახატებს. მაშინ ძალიან მომწონდა, ახლა დიდად აღარ. არ მიყვარს რელიგიური მხატვრობა. უბრალოდ, არ შემიძლია მათი ყურება, არც ვარ რელიგიურად მოწყობილი ადამიანი. არც შაგალი მომწონს. ტექნიკურად ლამაზად შესრულებული ნამუშევრებია, მაგრამ მე ამით არ ვარ დაინტერესებული.
რაც შეეხება ფოტოგრაფიას, ვათვალიერებდი ფოტოგრაფების ნამუშევრებს, ვფიქრობდი, სად იდგა ფოტოგრაფი, რომელ ლინზას იყენებდა და ა.შ. ასე ვისწავლე ის, რისი კეთებაც მინდოდა. ბევრი ადამიანი იყო, ვისი ფოტოებიც მომწონდა და რომელთა სახელებსაც არ დავასახელებ. ვფიქრობ, ყველა ეს ადამიანი ჩემში შემოვუშვი და შემდეგ ჩემი სტილი შევქმენი ნელნელა, წლების განმავლობაში  - ამას ერთ ღამეში ვერ იზამ. აი, ასე აღმოვჩნდი ქუჩის ფოტოგრაფიაში.





თქვენი სტილი უნიკალურია. ასე გადაღება იმიტომ დაიწყეთ, რომ რა შედეგს მოგცემდათ გაინტერესებდათ თუ იცოდით რისი ჩვენება გინდოდათ და ქუჩის ფოტოგრაფია ამის საუკეთესო გზა იყო.

როცა ფოტოგრაფია დავიწყე, რობერტ კაპას ერთი ციტატით ვიყავი მოცული: "თუ თქვენი ფოტოები არ არის საკმარისად კარგი, თქვენ არ ხართ საკმარისად ახლოს."  მე თვიდანვე  იგივე თემები მომწონდა. 5 წლის რომ ვიყავი მინდოდა  მაიმუნი მყოლოდა, დოლზე დამეკრა და მოკრივე ვყოფილიყავი. ბევრ ორთაბრძოლას ვუყურებდი და ის სპორტსმენები მომწონდა, რომლებიც განსხვავებულად გამოიყურებოდნენ - გრძელი წვერი ჰქონდათ და 400 ფუნტს იწონიდნენ ან ძალიან გამორჩეულები,  ლამაზი ქერა თმით. ვიზუალურად რაღაცას უნდა მივეზიდე. ჩემში რაღაც ქუჩის ბავშვისაა, მაგრამ ასევე რაღაც ძალიან ტრადიციულიც.  ყოველთვის იმ ადამიანებს ვიღებ, ვისითაც ვინტერესდები, და ისინი ჩემთვის ლამაზები არიან. ჩემი სილამაზის გრძნობა არ არის ტიპური სილამაზის აღქმა. მე უფრო რეალური ადამიანები მაინტერესებს, გოგონა უცნაური მზერით ან სახის ლიფტინგით, ან ჭუჭყიანი სახით. ჩემთვის ნამდვილი ადამიანებია საინტერესო.  ყოველთვის აუტსაიდერები მიზიდავდნენ. როდესაც ბავშვობაში კრივის მატჩს ვუყურებდი, სულ დამარცხებულებისკენ ვიხრებოდი. ჩემს ფოტოებში, განსაკუთრებით სერიაში, Face (Dewi Lewis – 2015) არიან ადამიანები, რომლებიც უკან მოიტოვეს და ისინი უხილავები გახდნენ. ვფიქრობ კარგად გავაკეთე, პორტრეტები ნამვილად კარგი და ძლიერია. არიან ადამიანები,  რომელთაც ნამდვილად მოეწონათ ეს სურათები, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც ყოფნით თავხედობა, მათ მახინჯები უწოდოთ. ისინი არ არიან მახინჯები. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანები არიან. რათქმაუნდა, ყველაფერი რასაც ვიღებ ვიზუალურად საინტერესო უნდა იყოს. ბევრი მაგარი ბიჭი გადამიღია ავსტრალიაში, იაპონიაში, მაგრამ მაგარი ბიჭებით სავსე ოთახში რომ შემიყვანოთ, შეიძლება 2-3 გადავიღო, რადგან ეს ვიზუალური პროცესია. რასაკვირველია, მე არ ვარ პოლიტიკური, მაგრამ ჩემი ფოტოები ერთგვარი კომენტარია საზოგადოებაზე.
თავიდან ჩემი ფოტოები არ იყო კარგად ფორმირებული, შემდეგ უფრო და უფრო ვაკონტროლებდი კადრს. ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. კარგი ფოტო კარგად უნდა იყოს  აგებული და ძლიერ ემოციურ შიანაარს  უნდა ატარებდეს. Coney Island (1999) ნაკლებად მომწიფებულია ჩემს ნამუშევრებში, შესაძლოა ის გარკვეული აზრით უფრო სუფთაა, მაგრამ იქ არ არის ჩემი ყველაზე ძლიერი ფოტოები, მაგრამ ბევრი კარგი ფოტოა, ამიტომ საერთო ჯამში, ნორმალურია. მაგრამ თუ მკითხავთ, რომელია ჩემი საუკეთესო ფოტოები, ვფიქრობ მხატვრულად გავიზარდე. გარკვეული დროის შემდეგ ვისწავლე კამერის კონტროლი, თანაც არ დაგავიწყდეთ, კონი აილენდზე მუშაობა გაცილებით ადვილია, ვიდრე ქუჩაში.  იქ ფონი ღიაა, არ გაქვს შენობები, მზე, ჩრდილი და ადამიანები არ დადიან შენს წინ. ასე რომ , ნაწილობრივ ჩემი ფოტოების სტილი დიდმა ქალაქებმა განსაზღვრა, განსაკუთრებით ნიუ იორკმა, სადაც ვიღაც ყოველთვის მიდის შენს წინ. და მე მინდოდა მთავარი ობიექტი მკაფიოდ და მკვეთრად გადამეღო, ამიტომ დავიწყე ფლეშის გამოყენება. ყოველთვის ვამბობ, რომ  Film Noir მომწონს. მოახდინა ამან ჩემზე გავლენა ქვეცნობიერად?  შესაძლოა. ყოველთვის მინდოდა ადამიანის სული გადამეღო. მინდოდა შიგნით შემეღწია და რაც უფრო ახლოს ხარ, მით მეტი გაქვს ამის შანსი.


























რამდენიმე თქვენს საკულტო ფოტოში მართლაც იგრძნობა, რომ  თქვენ ამ ადამინის სულს 
ჩაწვდით. რასაც ფოტოზე ვხედავთ ცდება სუბიექტის ფიზიკურ გარეგნობას. ეს თქვენი ნამუშევრების ერთადერთი მიზანია თუ მხოლოდ ერთი ასპექტი?

ეს არ  არის ერთადერთი მიზანი, ნამდვილად არ ვფიქრობ ასე. მე ჩემს სულს ვდებ ფოტოში. ამიტომ შემიძლია  გითხრათ თქვენ ან ვინმეს: "რაც მე გავაკეთე, სხვა ვერ შეძლებს გაიმეოროს. შეიძლება გააკეთოს უარესად ან უკეთ ან თანაბრად, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მე მაქვს მძიმე ემოციური გამოცდილება. ჩემი მშობლები ძალიან უცნაურები იყვნენ და მე ვიტანჯებოდი.  ამ ყველაფერს კი ჩემს ფოტოებში ვდებ. თუ ნახავთ წიგნს "სახე"  (Face) იქ არის ოსკარ უაილდის ერთი ციტატა, რომელიც წიგნის დაბეჭდვამდე ორიოდე დღით  ადრე ვნახე.( საინტერესოა,  რომ უაილდიც ჩემსავით 16 ოქტომბერს დაიბადა). "ყველა პორტრეტი, რომელიც გრძნობითაა დახატული, არის პორტრეტი თავად მხატვრისა და არა ნატურის. " (“Every portrait that is painted with feelings is a portrait of the artist, not of the sitter”. ) ასე რომ, ის ხალხი მე ვარ.  ამას არავისთვის ვაკეთებ, არც ფულისთვის. უბრალოდ, ეს მე უნდა გავაკეთო!  აბა დაფიქრდით,  69 წლის ვარ და ახალ პროექტზე ვმუშაობ. რამდენ ფოტოგრაფს იცნობთ ამ ასაკში ახალს რომ ქმნიდეს?  მე არ ვგულისხმობ სტუდიურ ფოტოგრაფებს, არამედ, იმათ ვინც გარეთ ადამიანებთან მუშაობს.  გაგიჭირდებათ იპოვოთ 69 წლის ფოტოგრაფი, რომელიც კარგ ნამუშევრებს ქმნის. ეს ნიშნავს, რომ მე გატაცებული ვარ ჩემი საქმით და ვკონკურირებ საკუთარ თავთან. თუმცა სამი თვით მომიწია გადაღების შეჩერება ნატკენი ფეხის გამო, მაგრამ უკვე მომირჩა. ახლა ჩემთვის რთულია გასვლა და ხანდახან ეჭვებიც მაქვს. მაგრამ როგორც კი ვიგრძნობ, რომ არ გამომდის, მაშინვე გავჩერდები. ოცი წელი მინდოდა  "სახე"- ს პროექტის გაკეთება, ან შეიძლება 30, მოკლედ ძალიან დიდი ხანია. ჯერ იდეა გამოჩნდა, შემდეგ ამისთვის შესაფერისი კამერაც ვიშოვე:  Leica S. მაგრამ არ მიკვლევია, მე არ ვარ აპარატების მკვლევარი. უბრალოდ ვიპოვე საჭირო კამერა და აი ასე  დაიწყო ეს. ბოლო რამდენიმე წელი ნიუ იორკში ძალიან მომბეზრდა ყველაფერი და მინოდა რამე განსხვავებულად გამეკეთებინა. ცოტას გავდიოდი და ამას დიდი ძალისხმევა ჭირდებოდა, ეს სულ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ვგულისხმობ, ძალიან დიდ  ძალისხმევას. ხანდახან თავი უნდა აიძულო. კარგი ფოტო ამათ ღირს, მაგრამ ვინ იცის, როდის გადაიღებ იმ კარგ ფოტოს? უნდა ვთქვა, რომ "სახე"-ზე მუშაობა უფრო ადვილი იყო,  ვიდრე ჩვეულებრივ ქუჩის  ფოტოზე, სადაც ბევრი რამ არის კომბინირებული და შეიძლება რამე არასწორად წავიდეს. სცენა გამზადებული გაქვს. ჩემს ფოტოებზე, ადამიანები დადიან. მე პერფექციონისტი ვარ, ამიტომ ფოტოს ვერ ჩავთვლი, რომ კარგია, თუ ის მართლაც ძალიან კარგი არ არის. "სახე"- ს შემთხვევაშიც 2 წელიდწად ნახევარი ვიმუშავე, სანამ ფოტოები გაცილებით უფრო ძლიერი არ გახდა. დასაწყისშიც მქონდა რამდენიმე კარგი, მაგრამ რაც უფრო შორს მივდიოდი, ვხედავდი, რამდენად მეტის მიღება იყო შესაძლებელი.  ეს სწავლის პროცესია.









"სახე"-ში თქვენ აჩვენეთ რეალობა, სიღარიბის ნამდვილი სახე და ამ პროექტმა აზრთა სხვადასხვაობაც გამოიწვია. ბევრი ამბობდა, მათ შორის მედიაც, რომ თქვენი პორტრეტები  უკიდურესად სასტიკია. როგორ ფიქრობთ, ვერ ხედავენ ამ ფარულ სინამდვილეს  და ეკონომიკურ რეალობას და არ იციან თავიანთი სიმდიდრის ფასი?  როგორი რეაქცია გაქვთ ასეთ კრიტიკაზე?

ამ წიგნში ყველა ღარიბი არ არის. ამ ადამიანებს მანამდე არასოდეს შევხვედრივარ. ზოგი მათგანი დახმარებით მიცემულ საცხოვრებლებში ცხოვრობს, სადაც მე ნება დამრთეს გადამეღო, რადგან პროექტი სწორედ იქედან დაიწყო მაიამიში.  მე დასკანერებული ფოტოები გავუგზავნე მათ და დამთანხმდნენ გადასაღებად დავბრუნებულიყავი. შემდეგ ბევრჯერ ვიყავი სახელმწიფო ბაზრობებზეც. ასევე წავედი კოლუმბიაში,  სადაც უბრალოდ ის ადამიანები გადავიღე, რომლებიც ვიზუალურად საინტერესოდ ჩავთვალე.
კრიტიკოსებმა და მედიამ, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ უბრალოდ არაფერი იციან ცხოვრების შესახებ. საკუთარ თავზე არაფერს ვკითხულობ, ამ პროექტზე კი ყველაფერს. ერთმა პიროვნებამ ამ ადამიანებს მახინჯები უწოდა. რა უფლება გაქვს, ვინმე ასე მოიხსენიო? ჩემთვის, ცნობილი ადამიანების სურათების  ის არჩევანი, რომელსაც მედია აქვეყნებს დღეს, სრულიად არასწორი გზავნილია, რადგან თქვენ შვილები გყავთ, რომელთაც უნდათ მათი მსგავსები გახდნენ და ა.შ. ისინი კი გვაჩვენებენ მავანსა და მავანს სახის ლიფტინგით, ტუჩების გადიდებით. ჟურნალებს მათი პატარა მუწუკიც კი არ რჩებათ შეუმჩნეველი. მაგრამ, როცა პატარა შვილები გყავს რომელთაც მათ მსგავსად გამხდრები უნდათ იყვნენ, ესეც პრობლემაა. მაგალითად ჩემი ქალიშვილი ერთი პერიოდი ანორექსული გახდა. მე უბრალოდ გეკთხებით: ყოველივე იმის მერე რასაც ბავშვებს აჩვენებენ, თქვენ მე მეუბნებით რომ რაღაც ისეთს წარმოვაჩენ?  ვფიქრობ, იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ კომენტარებს აკეთებენ, სარკეში კარგად უნდა ჩაიხედონ, ოფისებიდან გამოვიდნენ, ქუჩაში გავიდნენ და ადამიანებს შეხედონ, შეხედონ რა ხდება იქ. იმ ადამიანების უმეტესობა ბედნიერი იყო, როცა ვუღებდი, რადგან მათ  ყურადღებას არავინ აქცევს. მაგალითად, ერთ ინგლისელ ქალბატონს ბრომვიჩიდან, როცა ფოტო ვანახე და ვკითხე: "რას ფიქრობ?" - მიპასუხა: "ლამაზად ვარ" მორიგი  სურათი ვუჩვენე, პასუხი იგივე იყო.  შემდეგ თავად დავაკვირდი და მივხვდი რომ შეიძლება ახლა მას რთული პერიოდი აქვს, მაგრამ როცა ამ ფოტოს ხედავ, იცი რა გამოიარა მან. ალბათ 40-45 წლის იქნება, მაგრამ მეტის გეგონება, რადგან მძიმე ცხოვრება ქონდა. დავინახე, როგორ წაისვა პომადა, ეს მისთვის მნიშვნელოვანია. სადღაც არის მოგონება, ფერმკრთალი გამოსახულება იმისა თუ როგორი იყო ის ერთ დროს ფიზიკურად, ან ფიქრობს რომ იყო.  მეორე მაგალითი, ეს კაცი ბრომვიჩიდან, შორტით და ძალიან წვრილი ფეხებით. ვფიქრობ, ის ძალიან ავადაა. მისი სურათი ძალიან ძლიერია და ლამაზი ჩემთვის. ჩემი ფოტოები არ არის მშვენიერი, მაგრამ ლამაზია - ამაშია განსხვავება.  ჩვენ 20 წუთი ვიარეთ, მაგრამ მას შეეძლო 2 საათი ესაუბრა ჩემთან, იმიტომ რომ მარტოა. ეს სურათები მათ მდგომარეობას აჩვენებს.  ამიტომ, არ მესმის, როცა ადამიანები ამბობებ რომ ისინი სასტიკია.  ჩემთვის ამ ფოტოებზე რეალობაა. ყველა ვერ იქნება ნაიარევების გარეშე. ჩვენ ყველას გვაქვს იარები, გარეგნულად თუ შინაგანად. არც მე მომწონს ეს შეშუპებული უპეები, მაგრამ არასოდეს შევცვლიდი მათ.




 მინდა, რეალური ადამიანები რეალურად გამოიყურებოდნენ. მინდა ადამიანებმა მათ შეხედონ, ყველამ უნდა ნახოს ისინი. ბევრს მოსწონს და ფიქრობს, რომ ისინი ლამაზები არიან, ბევრს კი მათი აღქმის პრობლემა აქვს. მაგრამ შუალედურად არავინაა. ასეთია ჩემი სტილი: ძლიერი და კონფრონტაციული. კიდევ, რასაც ვერ ხვდებიან, არის ის , რომ მე ძალიან კარგი მიდგომა მაქვს ადამიანების მიმართ. ისინი ჩემთან თავს კომფორტულად გრძნობენ. ბევრი ვერ გადაიღებდა ამ ფოტოებს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სურვილი არ ექნებოდათ ან შესაძლებლობა, არამედ ნიჭიერება და წადილი. პროცესის ნაწილია ის, რომ როცა იმ ადამიანს ვუახლოვდები,  ვისი გადაღებაც მინდა, ისინი თავს კომფორტულად გრძნობდნენ ჩემთან. ეს საინტერესოა, რადგან სკეპტიკოსები ყოველთვის ამბობდნენ: "იცით, ის   თხოვნით არ მიდის ადამიანებთან." ახლა ვთხოვ და სხვა პრობლემები გაუჩნდებათ. ეს ხალხი არც კი მიცნობს მე. უმეტესად ძალიან კეთილი ვარ ადამიენბის მიმართ. მე გახსნილი ადამიანი ვარ, ამ ინტერვიუშიც ჩანს ეს - არ გაკისრებთ სტანდარტულ საფასურს და არც პუბლიცისტი მყავს, რომელიც იტყვის: "კარგით, სულ ეს არის."  მე გახსნილი ვარ, რადგან დასამალი არაფერი მაქვს. ვიცი, რომ ეს სურათები ძალიან კარგია. რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას ამბობს. რაც მეტი სკეპტიკოსი მყავს, მით მეტს გადავიღებ, რადგან მე ნეგატიურ ენერგიაზე ვმუშაობ. ეს მამოძრავებს, ეს არის ჩემი დიდი სტიმული. არავინ მჭირდება მითხრას რა არის კარგი და რა არა, რადგან თავადაც კარგად ვიცი რა არის კარგი და რა ცუდი. ვისურვებდი, ყველას ეთქვა, რომ ეს საუკეთესო ფოტოებია, რაც კი ოდესმე უნახავთ, მაგრამ მესმის, რომ ჩემი სურათები ყველასთვის არაა. თუმცა კომენტარების უმეტესობა უსაფუძვლოა. ამ კრიტიკოსებმა უმჯობესია საკუთარ თავს შეხედონ, მოსცილდნენ სამუშაო მაგიდებს, დაივიწყონ პოლიტიკური კორექტულობა, გავიდნენ ქუჩაში და შეხედონ ნამდვილ ადამიანებს და სიტყვიერი დაპირებები კი არ მისცენ, რომ იზრუნებენ ხალხზე, არამედ  რეალურად გააკეთონ რამე! ვერ ვხედავ, რომ ისინი ვინმეს დახმარებოდნენ ჰაიტის მიწისძვრის შემდეგ.  საქმით და არა სიტყვით - აი, რა არის საჭირო.









თქვენ ახლახან მეორე წიგნიც გამოეცითვ - Hey Mister Throw Me Some Beads! (Kehrer – 2016). მასში  ახალი ორლეანის მარდი გრას ფოტოებია შესული, რომლებიც 70-80-იან წლებშია გადაღებული. რით არის ეს პროექტი განსაკუთრებული თქვენთვის?

ეს იყო ჩემი პირველი ხანგრძლივი ესე ნიუ იორკის გარეთ. როცა კონი აილენდზე ვმუშაობდი, სხვას ვერაფერს ვაკეთებდი.  ხანდახან ბრიტანეთში მიწევდა წასვლა რამდენიმე დღით, როცა ჩემს ყოფილ ცოლს, რომელიც მხატვარია ჩვენება ქონდა. მარდი გრას ბევრი ფოტო მქონდა ნანახი და საინტერესოდ მეჩვენებოდა. ეს იყო ჩემი ზამთრის პროექტი. მაშინ ავტობუსით წავედი, რასაც არასოდეს გავიმეორებ რადგან 33 საათი დამჭირდა იქ ჩასაღწევად. შემდეგ ჩამომსვეს Times Square-ზე შუა ზამთარში. კამერა და ტანსაცმელი ჩანთაში მქონდა. ჯოჯოხეთურად დაღლილი ვიყავი და მეტრომდე უნდა მიმეღწია, რომ სახლში მივსულიყავი.  მაგრამ ძირითადში ან დავფრინავდი, ან ჩემი ფურგონით მივდიოდი და მასში ვიძინებდი.  ასე რომ, ეს იყო ჩემი ზამთრის ოდისეა. რამდენიმე  კარგი ფოტო გადავიღე, მაგრამ რთული სამუშაო  იყო, რადგან უმეტესობას ნიღაბი ეკეთა.






შეგიძლიათ დაგვისახელოთ ის ფოტოგრაფები ან მხატვრები, რომლებიც თქვენი შთაგონების წყარო იყვნენ?

ჩემი უძვირფასესი ედ ვან ელსკენი, რომელიც ძალიან მიყვარდა, მაგარი ბიჭი იყო. და ის ვინც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე იყო ლიზეტ მოდელი, ქალი ფოტოგრაფი.  ჩემი მეგობარი, რომელიც 20-30 წლის წინ მოკვდა და იყო ძალიან კარგი ფოტოგრაფი, მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფობა 40 წელს გადაცილებულმა დაიწყო. ის ასევე კარგი დიზაინერი იყო და მას ლეონ ლევინშტეინი ერქვა. მომწონს შომეი ტომაცუ. არიან სხვებიც. ყოველთვის მსიამოვნებს მათი სურათების ყურება, ყველა სხვადასხვა მიზეზებით. ვფიქრობ, ბევრი რამ ავიღე მათგან. ეშმაკობაც ამაშია, შეძლო ყველა ისინი მიიღო და არ გააკეთო იგივე, რასაც ვიღაც 20 წლის წინ აკეთებდა, რადგან სწორედ ამას არ ვცემ პატივს. ზოგს მენტორი ჰყავს, რომელიც ძალიან მოსწონს და არ მიდის მასზე შორს. უამრავმა ახალგაზრდამ დღეს არ იცის ფოტოგრაფიის ისტორია. და ამ არ ცოდნის გამო ისინი ისეთ სურათებს იღებენ, რაც სხვამ 20 წლის უკან მათზე უკეთ გადაიღო. და არის კიდე დიდი რაოდენობით დოკუმენტური ფოტოგრაფია. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ზოგი მაჟორეტეებს იღებს, ზოგი ჯარისკაცებს. მე ამას არ ვგულისხმობ. შეიძლება ეს კარგად გაკეთებულიც იყოს, მაგრამ მაინც ეს ის არ არის,  რისკენაც მე ვისწრაფვი.

თქვენ ნახეთ ფოტოგრაფიის ევოლუცია წლების მანძილზე და როგორ ფიქრობთ, საითკენ მიდის ის?

რთული შეკითხვაა. ვიტყოდი, რომ ის ძალიან შეიცვალა. უამრავ გამოფენაზე დავდიოდი და წიგნების დიდი კოლექციაც მაქვს, მაგრამ 6 წლის წინ წიგნების შეძენაც შევწყვიტე.  პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩემი გოგონა სკოლაში შევიდა და თანხა უნდა გადამეხადა. ფული აღარ მქონდა და კოლექციონერობაც შევწყვიტე. ამიტომ ახლა აღარ ვარ ძველებურად გარკვეული, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ   ახალი ფოტოგრაფიის დიდი შოუებითა და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ბოლო შენაძენებით ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რადგან  ბევრი ფოტო, რომელსაც ისინი იძენენ არა დოკუმენტურია და ეს ნორმალურია, მაგრამ მათ შორის არის ფოტოები, სადაც ფოტოგრაფია შერეულია სხვა რემეებთან. აბსტრაქტული ფოტოგრაფიის შემთხვევაშიც კი ეს ძალიან სუსტია, ჩემი შეფასებით.ზოგი არ არის კარგად ფორმირებული, უშნოა, ეს უბრალოდ არ არის კარგი ფოტოგრაფია, ამიტომ არ მესმის.  ზოგის იდეა ძალიან ზედაპირულია, არ მაინტერესებს დამუშავება.შეიძლება ის იყოს კარგად გაკეთებული და საინტერესო, მაგრამ ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ დამუშავებით. ასევეა დოკუმენტური ფოტოგრაფიაც, შეიძლება თემა იყოს საინტერესო, მაგრამ მხოლოდ საინტერესო თემა არ არის საკმარისი, არამედ რეალიზაცია. ზოგი ძალიან საინტერესო წიგნებს  აკეთებს, უცნაური დიზაინით და მაკეტით და ის ფარავს ფოტოგრაფიას. ეს კარგია? წიგნი შეიძლება  იყოს საინტერესო, მაგრამ თავად ფოტოგრაფია არ არის  ისეთი კარგი, როგორიც უნდა იყოს. მეც მაინტერესებს რა იქნება მომავალში. ადამიანები უფრო ხანმოკლე ყურადღებას იჩენენ. სამყარო არ მიდის ჩემი მიმართულებით, ის სხვა მიმართულებით მიდის. მაგრამ უამრავ ახალგაზრდას მოსწონს ჩემი ნამუშევრები და ეს ყოველთვის სასიამოვნოა.  მაინტერესებს რამდენად პრიმიტიულად გამოჩნდება 50 წლის შემდეგ იმ ადამიანების ნამუშევრები, რომლებიც დოკუმენტურ ფოტოგრაფიას ქმნიან ახლა ან 50 წლის წინ.ახლა ცვლილებები უფრო სწრაფად ხდება. თუ 19-ე საუკუნეში გადაღებულ სურათს ვხედავ და ვამბობ: "ვაუ, ეს პრეისტორიული ხანიდანაა",  ვერ წარმომიდგენია რას იტყვიან 50 წლის  შემდეგ. მახსოვს, როცა პირველად დაიწყეს ციფრულით ფილმების გადაღება.  ვიფიქრე რა უცნაურიათქო, ახლაც არ მომწონს, ყალბია , მაგრამ მან გაიმარჯვა. კინო აღარ არის ისტორიები, სადაც მამაკაცს ქალი უყვარდება ან ვინმე მკვლელობას ჩადის.  ის მთლიანად ეფექტებზეა აგებული...  ყველაფერი შეიცვალა!

1998 წლიდან მაგნუმის წევრი ხართ. მოახდინა ამან მნიშვნელოვანი გავლენა თქვენს ნამუშევრებზე და რას ნიშნავს ის თქვენთვის?

ახლო ურთიერთობა მაქვს მარტინ პართან. ჩვენ ყოველთვის ახლოს ვიყავით. ასევე ჩიენ-ჩი ჩენგთან. მეგობრულად ვარ სხვებთანაც. ბევრ რამეს ვუზიარებ  ბევრ მათგანს. ზოგს არ მოვწონვარ, ზოგი მე არ მომწონს. არა მგონია ამას საერთოდ გავლენა მოეხდინოს ჩემს ფოტოგრაფიაზე, რადგან მე ჩემი გზა მაქვს. ბევრმა ადამიანმა იცის მაგნუმის შესახებ, ამიტომ მისი წევრობა  ნიშნავს, რომ მეტი ადამიანი გიცნობს. როცა ვაკეთებდით  Postcards From America,  ლეიკამ შემომთავაზა კამერა, რომელიც  Face-თვის გამოვიყენე. ასე რომ, ამ მხრივ ეს ძალიან კარგია. ეს საინტერესო ორგანიზაციაა საკმაოდ ჭკვიანი ფოტოგრაფებით. ამიტომ თავს იქ კომფორტულად ვგრძნობ. მაგრამ დისტანციას ვინარჩუნებ. ვიცე პრეზიდენტიც ვიყავი, მაგრამ წამოვედი 2 წლის შემდეგ, რადგან გარკვეული ადამიანები ყელში ამოვიდა. თავით კედელს ვერ გაიტან. როგორც ხდება ხოლმე -სანამ პლიუსები გადაწონის მინუსებს, მანამდე რჩები. საერთო ჯამში, ეს კარგი იყო ჩემთვის და მე ვამაყობ, რომ ვარ მაგნუმის წევრი. მე არ ვარ იმათგანი, ვინც მიდის, რადგან უნდა  რომ გახდეს არტისტი და ჩვენ იქ  ბევრი  კარგი ფოტოგრაფი გვყავს. ასე რომ, ყველაფერი წესრიგშია.





  გვითხარით თქვენს სამომოვლო პროექტებზე

მოდი დავიწყოთ გამოფენებით: მარტში მარტინ პართან ერთად ვარ შოუში, რომელსაც Barbican Art Center კურირებს ლონდონში. ეს შოუ საერთაშორისო ფოტოგრაფებს ეძღვნება. რომლებიც 1930-იანი წლებიდან მოყოლებული იღებდნენ დიდი ბრიტანეთის სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ იდენტობას. ეს ძალიან კარგი ნაკრებია: ანრი კარტიე-ბრესონი, ბრიუს დევიდსონი, რობერტ ფრანკი, დევიდ გოლდბლატი, კანდიდა ჰოფერი, სერჰიო ლარეინი. შინრო ოტაკე, პოლ სტრენდი, ჰარი ვინოგრანდი... 20-25 ადამიანი და ყველა ძალიან კარგი.  მაშინაც კი, როცა რომელიმე მათგანი არ მოგწონს, ისინი ყველა ქმნიდნენ ისეთ ნამუშევრებს, რომლებიც ბოლო-ბოლო საინტერესო მაინც იყო.  შემდეგ ვარ შოუში  Postcards From America, რომელიც სან ფრანცისკოშია. ასევე ვიყავი ფლორიდაში, თუმცა თავიდან მინესოტაში ვაპირებდით, მაგრამ იქ ძალიან ციოდა. სულ ახლახან დავბრუნდი ჰავაიდან. ვაგრძელებ სახეებზე მუშაობას, შემდეგ ვნახოთ რა იქნება. უამრავი იდეა მაქვს, მაგრამ არ მინდა ვისაუბრო მათზე, თორემ ვიცი, სხვები წაიღებენ. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, თუ ვერ შევძლებ, შევწყვეტ. სპორტსმენის ან მოკრივის მსგავსად: როცა მწვერვალზე ხარ, უმჯობესია შეჩერდე. ვფიქრობ, ჩემი ბოლო ნამუშევრები ძალიან ძლიერია, და ძველებს არაფრით ჩამოუვარდება. RATP-ისთვის რაც გავაკეთე ვფიქრობ, ძალიან ძლიერი ფოტოები იყო. ისინი მარტისთვის უკვე წიგნს გამოუშვებენ, მაგრამ ჩემი ორი საუკეთესო ფოტო ამოიღეს, შეეშინდათ სასამრთლოში საქმე არ აღეძრა ვინმეს. აქ არანორმალური კანონებია და სურათებიც არაფერი განსაკუთრებული, აი ისეთი თქვენ რო გადაგიღეთ ქუჩაში. ასე რომ, ეს დიდად არ მესიამოვნა და ვუთხარი: "ბარემ მთელი  პარიზის ნაწილი ამოგეღოთ." მაგრამ ისინი პარიზის ნაწილს ვერ ამოიღებენ. ეს კი მესმის, მაგრამ რა უნდა მეთქვა?  კარგი ხალხია, უამრავ ქვეყანაში გამაგზავნეს, ვერ ვნახავდი იოჰანესბურგს, ჰონგ-კონგს. და ახლა ისევ მინდა წავიდე ჰონგ-კონგში და დავასრულო მათთვის დაწყებული სერიები. ახლა ვმსჯელობთ ამაზე. იქ ოთხი დღე ვიყავი და რომ შემძლებოდა 2 კვირა დავრჩებოდი. ეს მაგარი იქნებოდა მაგრამ ძვირია: უნდა გამაგზავნონ, გამომიგზავნონ ასისტენტი, გადაიხადონ ფრენის საფასური, სასტუმრო, კვება .... თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ამად ღირს. ასევე უარს არ ვიტყოდი იოჰანესბურგში დაბრუნებაზე, მაგრამ იქ, როცა მუშაობ უსაფრთხოება გჭირდება, ვინმე ვინც შენს გვერდით იქნება. ის კი არა, რომ არაკომფორტულად ვიყავი, მაგრამ რამდენჯერმე ვნახე, როგორ წაგლიჯეს ყელიდან ვიღაცეებს ოქროს ჯაჭვები და როგორ მისდევდნენ აგურით ვიღაცას. იოჰანესბურგი რთული ადგილია და არ იცი რა გადაგხდება, მაგრამ ძალიან მომეწონა, პირველად ვიყავი აფრიკაში. Kickstarter-ის კომპანიით იმედი მაქვს დაფინანსებას მოვიპოვებთ და გავემგზავრები იაპონიაში, ოსაკაში, ძალიან მაგარი პროექტისთვის:  “Bruce Gilden’s Carnet de Bord ”. იქ გადაღებას ვაპირებ საკმაოდ საშიშ უბანში, კამაგასაკიში...









იდეები არასოდეს მაკლდა. ჩემთვის სირთულე საქმის მიღებაშია. არ ვარ ორგანიზებული წერილების წერაში, ადამიანებთან დაკონტაქტებასა და მსგავს რამეებში. ჩემი ცოლი ძალიან მეხმარება - ის კითხულობს ჩემს მაილებს და ა.შ. გარდა იმისა, რომ ჩემი ცოლია და მიყვარს, ის მიწევს დიდ ემოციურ მხარდაჭერას ყველაფერში და ძალიან ბევრს აკეთბს ჩემთვის. ამასთანავე მუშაობს და გვყავს ქალიშვილი, რომელიც 23 წლისაა და ძალიან მომთხოვნია. უამრავი იდეა მაქვს, იდეები ჩემთვის პრობლემა არასოდეს ყოფილა. მაგრამ ისინი იცვლება: 1985 წელს რისი გაკეთებაც გინდოდა, ახლა აღარ გინდა. როგორც წლების წინ ვთქვი, როცა მასტერ კლასს ვატარებდი: "თუ რამეს გაკეთებას ფიქრობთ, გააკეთეთ ახლა, რადგან ან ის ადგილი შეიცვლება ან თქვენ შეგცვლით დრო." 1994 წელს გრანტი მოვიპოვე, რომ იაპონიაში მემუშავა. 20 წელი მინდოდა იქ წასვლა, რადგან  დიდებული შოუ -  ახალი იაპონური ფოტოგრაფია - ვნახე 1974 წელს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. 20 წელი დამჭირდა იქ მოვხვედრილიყავი და ტოკიო სრულიად შეცვლილი დამხვდა. სურათები, რომლებიც მე ძალიან მომწონდა  60-70-იანი წლების იყო, ის დრო კი დამთავრებულია. მაინც ვიპოვე იქ გადასაღები და ნამდვილად მომწონს ჩემი წიგნი Go (Trebruk Publishing – 2002). ის კარგად დაბეჭდილია, კარგი დიზაინით და ბევრი კარგი ფოტოა მასში, მაგრამ 60-იან წლებში რომ იქ წავსულიყავი უფრო ადვილი იქნებოდა.  ფაქტობრივად, ხანდახან სიმარტივე არ არის საუკეთესო გზა, რადგან, როცა ვერაფერს პოულობ გადასაღებს, თუ მონდომებული ხარ, მეტ ძალისხმევას დებ რამე იპოვო და როცა პოულობ, ის როგორც წესი ძალიან კარგია, იმიტომ რომ ძალიან მოინდომე.


წყარო:http://glltn.com/2016/03/bruce-gilden-interview/





































No comments:

Post a Comment