Sunday, June 4, 2017

David Hamilton

                              დევიდ ჰამილტონი























დევიდ ჰამილტონი 1933 წელს 15 აპრილს დაიბადა დიდ ბრიტანეთში. მან ბავშვობა ლონდონში გაატარა. მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო  სასკოლო განათლების შეწყვეტა მოუხდა, რადგან ევაკუაციის გამო  მისი ოჯახი დორსეტში  გადავიდა საცხოვრებლად. ომის დასრულების შემდეგ ისინი  ლონდონში დაბრუნდნენ, სადაც დევიდმა სკოლა დაასრულა. მალე ოჯახმა ინგლისი დატოვა და საფრანგეთს მიაშურა. მისი შემოქმედებითი ნიჭი არქიტექტორად მუშაობის დროს გამოვლინდა. 20 წლის ასაკში მან პარიზში გრაფიკის დიზაინერ პიტერ კნაპთან დაიწყო მუშაობა ჟურნალისთვის  ELLE.
         მოგვიანებით უკვე წარმატებული და ცნობილი ჰამილტონი ლონდონში ბრუნდება და ჟურნალ Queen -ის არტ -დირექტორი ხდება. თუმცა პარიზზე შეყვარებული დევიდი დიდხანს ვერ ჩერდება ლონდონში და მალევე უკან ბრუნდება. პარიზში ის ჟურნალ   Printemp-ის არტ დირექტორის პოზიციას იკავებს და კომერციული ფოტოგრაფიით კავდება. მისი გამორჩეული სტილი შეუმჩნეველი არ რჩება და მალე ის წარმატებული ფოტოგრაფი ხდება.
         მისი ნამუშევრები იბედება  Realites, Twen და Photo-ში, გამოდის ათეულობით ალბომი მილიონობით ტირაჟით, იმართება მისი ფოტო გამოფენები. ის ხუთი ფილმის ავტორია. 1997 წელს მისი ფილმის  Bilitis გამოსვლის შემდეგ, მისი გამოფენა იმართება Images Gallery -ში ნიუ იორკში.
         ჰამილტონის მოდელები მოზარდი გოგონები არიან, ხშირად შიშვლები მისთვის დამახასიათებელი რბილი ფოკუსის სტილით გადაღებული. თავად ფოტოგრაფი ამბობდა, რომ მისი შთაგონების წყარო ნაბოკოვის რომანი "ლოლიტა" იყო და რომ ისიც იზიარებდა მწერლის "უმანკოების აკვიატებულ იდეას".  მისი პორნოგრაფიასა და ხელოვნების ზღვარზე გამავალი  ნამუშევრები ყოველთვის იწვევდა დავასა და აზრთა სხვადასხვაობას. მას ფრანგი ფოტოგრაფი გლენ ჰოლანდიც უპირისპირდებოდა და ამბობდა: " საწყენია და ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ დევიდ ჰამილტონი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფოტოგრაფად ითვლება. მისი ალბომები მილიონობით იყიდება."  მისი საწინააღმდეგო ბრალდებები ყველაზე ხშირად ბრიტანეთიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან ისმოდა.  90-იანი წლების ბოლოს კონსერვატიულად განწყობილი ამერიკელი ქრისტიანები იმ მაღაზიების წინ მართავდნენ საპროტესტო აქციებს, სადაც მისი წიგნები იყიდებოდა. თუმცა, მათ მცდელობებს შედეგები არ გამოუღია. 2005 წელს ბრიტანეთში, სურეის საგრაფოს პოლიციამ ჰამილტონის წიგნების გაყიდვა უკანონოდ გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით ისინი იძულებული გახდნენ სახალხოდ მოეხადათ ბოდიში დაუსაბუთებელი ბრალდების გამო. მაგრამ ამით არაფერი დამთავრებულა.
Flavia Flament
რამდენიმე თვის წინ 83 წლის ფოტოგრაფის სახელი ისევ სკანდალში გაეხვა. 42 წლის ფრანგმა  რადიოწამყვანმა, ფლავია ფლამენტმა ფოტოგრაფი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ეს 80-იან წლებში მოხდა სამხრეთ საფრანგეთში, როცა ჰამილტონმა მოახერხა დაერწმუნებია მისი მშობლები რომ გოგონასთან გადაღების მიზნით მარტო ემუშავა.  ფლამენტის ბრალდებას სხვა სამი ქალიც გამოეხმაურა, მაგრამ ისინი უკვე 40-50 წლის არიან და ფრანგული კანონმდებლობის თანახმად საქმე ხანდაზმულობის გამო არ აღიძრა. ჰამილტონმა ყველანაირი ბრალდება უარყო. თუმცა ფლამენტის ბრალდებიდან 1 კვირის  შემდეგ, 2016 წლის 25 ნოემბერს  პარიზის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მას  თავზე პოლიეთილენის ტომარა შემოიხვია და თავი მოიკლა. სიკვდილის მიზეზად ასფიქსია დასახელდა.
        
ჰამოლტონის გარდაცვალების გამოცხადების შემდეგ, ფლამენტმა განცხადება გააკეთა: "მე ახლახან გავიგე დევიდ ჰამილტონის სიკვდილის შესახებ, კაცის, რომელმაც მე გამაუპატიურა, როცა 13 წლის ვიყავი. კაცის, რომელმაც ბევრი სხვა გოგონაც გააუპატიურა, რომლებმაც მოიკრიბეს ძალა და ბოლო კვირეების მანძილზე ამის შესახებ ხმამაღლა ალაპარაკდნენ. მე ვფიქრობ მათზე და იმ უსამართლობაზე, რომლის წინააღმდეგ ბრძოლასაც ჩვენ ერთად ვაპირებდით. დღეს, მან თავისი სიმხდალით  ისევ დაგვადუმა. ამ ფაქტის საშინელება ვერასოდეს წაშლის ჩვენი უძილო ღამეების საშინელებას."
         ახლა როცა ფოტოგრაფი მკვდარია, სიმართლე უფრო ბუნდოვანია, ხოლო დავა და აზრთა სხვადასხვაობა  მის შემოქმედებაზე უფრო მძაფრი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჰამილტონის მხატვრობის ზღვარზე გამავალი ფოტოგრაფია ნამდვილი ხელოვნებაა, თუმცა ალბათ აქ ისევ ისმის კითხვა- ღირდა კი ეს ამად?! 


                 
















































































No comments:

Post a Comment